ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ. შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება «ჯანმრთელი მომავალი» სასწავლო—აღმზრდელობითი პროცესის დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია .
თერთმეტივე საბავშვო ბაღი სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და ჰიგიენურ-სანიტარული საშუალებებით. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაწესებულებებში რეგისტრირებული 835 აღსაზრდელისთვის გაერთიანების მიერ შეძენილია ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები.
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, სადაც დეტალურად განიხილეს ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის, ასევე — სხვა საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ეხება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზების სანიტარული წესებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადამოწმდა და დადებითად შეფასდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა საბავშვო ბაღი.
12 ოქტომბრიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. გამოყოფილია საიზოლაციო ოთახები, სადაც რესპირატორული სიმპტომების მქონე აღსაზრდელები დროებით, კანონიერი წარმომადგენლის მოსვლამდე განთავსდებიან. ახალი სასწავლო-აღმზრდელობითი წლის დასაწყებად ბაღების მზადების პროცესს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნო.















