ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში ტრენერთა ტრენინგის ექვსდღიანი პროგრამა დაასრულა.
ტრენინგი ვენახის ინტეგრირებულ მართვაზე იყო ფოკუსირებული და მას FAO-ს საერთაშორისო ექსპერტი ხულიო პრიეტო დიასი უძღვებოდა. აქტივობის მიზანი, საქართველოს ღვინის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება იყო. მონაწილეები მიღებულ ცოდნასა და უნარებს სხვა მევენახეებსაც გაუზიარებენ, რაც ცოდნის გავრცელებასა და პროგრამის გრძელვადიან მდგრადობას უზრუნველყოფს.
პროგრამამ 18 ქართველი მევენახე გააერთიანა. ტრენინგი, მოიცავდა როგორც ონლაინ, ისე პირისპირ თეორიულ და ინტენსიურ პრაქტიკულ საველე სესიებს, რომლებიც უშუალოდ ვენახებში ჩატარდა. აქტივობები თბილისში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში განხორციელდა.
პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავდა: მწვანე სხვლა, ვენახის ინტეგრირებული მართვა, ირიგაცია, ფერტიგაცია და ნიადაგის შეფასების ტექნიკები, მათ შორის ნიადაგის პროფილის შეფასება და მახასიათებლების ანალიზი. ვენახში განხორციელებული სავარჯიშოებით, მონაწილეებმა ვენახის ინტეგრირებული მართვის პრაქტიკების რეალურ მოცემულობაში გამოყენების უნარები გაიუმჯობესეს.
ტრენინგის მიზანია ყურძნის ხარისხისა, მოსავლის სტაბილურობის გაუმჯობესება და ამავდროულად, ვენახის გაუმჯობესებული პრაქტიკების პოპულარიზაცია.
“საქართველოს ღვინის სექტორის კონკურენტუნარიანობა ვენახით იწყება”, ამბობს FAO-ს ENPARD IV პროგრამის მენეჯერი გუიდო აგოსტინუჩი. „სოფლის მეურნეობის კარგი პრაქტიკები, ეკოსისტემის სერვისები და სურსათის უვნებლობა აუცილებელია სექტორში არსებული შესაძლებლობების განხორციელებისთვის და გარემოს დაცვისთვის. ტრენერთა ტრენინგის, სხვლის ფესტივალებისა თუ ცოდნის გაზიარებაზე ფოკუსირებული სხვა აქტივობების მეშვეობით, ჩვენ ქართველ მევენახეებსა და მეღვინეებს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის ვენახის მართვის თანამედროვე პრინციპებთან დაკავშირებაში ვეხმარებით“.
„მევენახეობის მდგრადი პრაქტიკების განხორციელება აუცილებელია ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და ევროკავშირში მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის“, განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა. „FAO-ს მიერ გაზიარებული ცოდნა მდგრადი მევენახეობის შესახებ კრიტიკული მნიშვნელობის ფიტოსანიტარულ გამოწვევებთან განმკლავებას უწყობს ხელს და შესაბამისად, ჭეშმარიტად ქართული ღვინის მახასიათებელ თვისებებს იცავს”.
ტრენერთა ტრენინგის ტრენერთა მომზადების ინიციატივა FAO-ს უფრო ფართო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოში ღვინის სექტორის ასეულობით წარმომადგენელს აძლევს სარგებელს. ინიციატივა მონაწილეებს ცოდნის სხვა პროფესიონალებისთვის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, რაც ხელს უწყობს სექტორის ერთიანობასა და განვითარებას. ის მოიცავს ზამთრისა და მწვანე სხვლის ტექნიკებს და ასევე ვაზის სხვლის ქართულ ენაზე ნათარგმნი ონლაინ ვიდეო გაკვეთილების პლატფორმას. ტრენერთა ტრენინგის წინა ციკლის მონაწილეები საკუთარ ცოდნას უკვე აზიარებენ თავიანთ კოლეგებთან.
___
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/
პროექტის შესახებ
ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
გურამ საყვარელიძე; guram.saqvarelidze@fao.org; +995558493891







