როგორ „შევუტიოთ“ პანიკურ შეტევას…
სწრაფი გულისცემა,შებოჭილობა გულმკერდის არეში,სუნთქვის უკმარისობა…
ყველაზე ცუდი რამ,რაც პანიკურ შეტევას ახლავს თან, არა სიმპტომები,არამედ იმის შეგრძნებაა,რომ ადამიანი ამ დროს საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს.
პანიკური შეტევა უცაბედი და მძაფრი მდგომარეობაა,რომელიც მოულოდნელად მოდის და კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ აქვს. ამ მომენტში სხეული რეაგირებს ისე,თითქოს საფრთხეშია: ძნელდება სუნთქვა და მძაფრდება არასასიამოვნო შეგრძნებები. მიუხედავად იმისა,რომ ადამიანი ამ დროს გამოსავალს ვერ ხედავს, ეს რეალურად სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა, მნიშვნელოვანია მისი სწორად მართვა, სტრესის შესამცირებლად.
ცხოვრებაში ყველას ერთხელ გამოგვიცდია ან გვინახავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში,ხალხმრავალ ადგილებში, გამოცდის ან პრეზენტაციის წინ როგორ გამხდარა ადამიანი ცუდად, გაძნელებია სუნთქვა. შეიძლება, საერთოდ ვერც შეგვიმჩნევია,რადგან პანიკური შეტევა ყოველთვის თვალსაჩინო არ არის.
ქრონიკული სტრესი, გამოუხატავი ემოციები,დაძაბულობა არის ის,რაც ყველაზე ხშირად ხდება ამის მიზეზი. პანიკური შეტევა ორგანიზმის ერთგვარი დამცველობითი მექანიზმია,რომელიც დაკავშირებულია როგორც გენეტიკასთან,ასევე ნეიროქიმიურ იმბალანსთან,კოფეინთან,ძილის ნაკლებობასთან,დეჰიდრატაციასთან ან თუნდაც სისხლში შაქრის ნაკლებობასთან.
პირველი, რაც ამ დროს ადამიანმა უნდა გააკეთოს, სუნთქვის დარეგულირებაა.
ჩასუნთქვა — 4 წამის განმავლობაში,4 წამი დაყოვნება და ამოსუნთქვა 6 წამი.
პანიკური შეტევის დროს ადამიანი დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარს კარგავს. ამ მოცემულობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება დასახელება იმ 5 ნივთის, რომელსაც ვხედავთ, 4 რამ, რასაც ვეხებით და 3 რამ,რისი მოსმენაც შეგვიძლია.
პანიკური შეტევა ხშირად სულ რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდება,ამიტომ ფიქრი იმისა,რომ “მალე მორჩეს” , უბრალოდ, გააუარესებს მას.
სამი ადამიანიდან ერთს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია პანიკური შეტევა.საინტერესოა ის,რომ ქალებში სტატისტიკა ორჯერ მეტია.ადამიანების უმეტესობას პირველი შემთხვევა თინეიჯერობის ასაკში ემართებათ,თუმცა, ყველაზე ხშირად, ის მძიმე ემოციურ სტრესს უკავშირდება.
მოამზადა თეკლა შარაშენიძემ







