გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ… დღევანდელი სტუმარია მწერალი სალომე ბენიძე.
— რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
— წამი, როცა ფიქრობ, რომ არაფერი გინდა, გარდა იმისა, იყო აი, აქ და ახლა.
— ბოლოს როდის გაიცინეთ?
— სულ ვიღიმი, მაგრამ გულიანად ბოლოს წუხელ ვიცინე, ფილმის ყურების დროს.
— ბოლოს როდის იტირეთ?
— რამდენიმე დღის წინ, როდესაც შევიტყვე, რომ ჩემი მეგობრის დედა გარდაიცვალა.
— თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
— ერთგულება.
— ყველაზე დიდი ნაკლი?
— სიჯიუტე.
— ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
— ძალიან რთულია, მეყოს სითავხედე, რომელიმე ისტორიულ გმირს შევედარო, მაგრამ, ალბათ, სხვა რეალობაში სუფრაჟისტი ან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვიქნებოდი.
— ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
— ჩემი გმირები დღეს არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ, შეინარჩუნონ სამყაროს წონასწორობა და იბრძვიან საკუთარი და სხვების უფლებებისთვის.
— თქვენი მხატვრული გმირები?
— ჰერმიონ გრეინჯერი, ანიკა, შაჰრაზადი, ესთერ გრინვუდი და ერისენა ტენეცკაია.
— ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
— ალბათ, მექსიკაში.
— თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
— სიკეთე.
— ქალში?
— სიკეთე.
— საყვარელი მწერლები?
— სალმან რუშდი, მილორად პავიჩი, სილვია პლათი.
— საყვარელი კომპოზიტორი?
— ასტორ პიაცოლა.
— ფილმი?
— ფედერიკო ფელინის „ამარკორდი“.
— რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
— ადამიანებს, რომლებიც გარშემო მყავს.
— რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
— ჩემი მეგობრები და ჩემი პრინციპები.
— თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
— მამაჩემისა და ჩემი მეგობრების გარდაცვალების თარიღებს.
— რა არის თქვენთვის სამშობლო?
— როგორც ნაჯიბ მაჰფუზი ამბობდა, ადგილი, სადაც მთავრდება გაქცევის ყოველგვარი მცდელობა.
— რას აკეთებთ მაშინ, როცა არ წერთ?
— ვმუშაობ, ძალიან ბევრს ვმუშაობ, სულ ვმუშაობ.
— რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
— მარტოობის.
— როგორ ისურვებდით სიკვდილს?
— მშვიდად, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
— თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
— ყოჩაღ, შენ შეძელი, რომ გეცხოვრა.
წყარო: http://funtime.ge/