გთავაზობთ ვაზისა და ღვინის მკვლევარის, გიორგი ბარისაშვილის პოსტს, რომელიც მან რთველის დაწყებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა და თავისი შეხედულებები გაგვიზიარა რთველთან დაკავშირებით:
«რთველი ჩემთვის, ისე, როგორც ჩვენი წინაპრებისთვის, განსაკუთრებული პერიოდია. იმ სულმნათმა ხალხმა წელიწადის ერთ-ერთ თვეს რთველის თვე, ანუ «სთულისა» უწოდა, რომელი ტერმინიც შემდგომში «ღვინობისთვედ» გადაკეთდა. სწორედ ამ პერიოდს ჩვენთვის, ქართველებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთ დროს კი საქართველოში ახალი წელი სექტემბრის პირველში აღინიშნებოდა და ეს სწორედ რთველის დაწყებასთან იყო დაკავშირებული. ერთი სიტყვით თუკი ჩვენთვის, რომელსამე პერიოდს დიდი მნიშვნეობა ჰქონია, აქედან ერთ-ერთი ნამდვილადაა რთველი. აი ეხლაც შემობრძანდა საქართველოში ეს წმინდა დღე და დრო. დაიწყო რთველი, რასაც განსაკუთრებით მევენახეები ელოდნენ. მინდა, მიულოცო ჩემს ქვეყანას რთველის დაწყება, რასაც ყოველთვის დიდი სიყვარულით ვაკეთებ. ყოველი მტევანი, რაც კი საქართველოში დაიწურება სასიკეთოდ და უფლის სადიდებლად მოგვეხმაროს. გაგრძელებულიყოს ეს ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში იქამდე, სანამ ჩვენ ვიქნებით.
მქონდა პატივი, რომ ორიოდე წლის წინ მემუშავა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ბარათზე, რის შედეგადაც ჩემს დაწერილს ბარათს — «რთველის ტრადიცია საქართვლოში» არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა… მაშ ასე, შემობრძანდა კიდევ ერთი რთველი საქართვლოში, რაც სასიხარულო კია, მაგრამ მეორე მხარეს თუ შევხედავთ, ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის სფეროები შავ დღეშია. ამ ეტაპზე საქმე ჯერ კიდევ უკან მიდის და სიკეთე იშვიათად თუ გამოჰკრთება ხოლმე ამ დიდ წყვდიადში. საქმე ამგვარად თუ გაგრძელდა ჩვენს შთამომავლობას მხოლოდ ფურცელზე დაწერილ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ბარათსღა თუ შევაჩეჩებთ ხელში და სხვას არაფერს… ვთვლი, რომ მხოლოდ მთავრობისკენ ხელის გაშვერა არ არის მთლად მართებული. ეს ყველაზე იოლი საქმეა და ამით წინ მანდვილად ვერ წავალთ. ეს პრობლემა ერთ წელიწადში არაა დაწყებული და ვერც ამავე პერიოდში გადაიჭრება.
აქ ცოტა ღრმად დაფიქრებაა საჭირო. ჩვენი უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი სწორი კადრების შერჩევა და საჭიროების შემთხვევაში ამ კადრების გამოზრდაა. საითაც არ უნდა გავიხედოთ ყველგან სიბნელე მოსჩანს. მევენახეობა, ამპელოგრაფია, მეღვინეობა, ღვინის სამართალი, ღვინის ბიზნესი, ვაზის სანერგე მეურნეობები, მექვევრეობა, ამ დარგების დოტაცია, ღვინის ფრთაგაშლილი ფალსიფიკაცია, კანონმდებლობა და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი საკითხი… მშვიდობიან და ბარაქიან-ხვავიან რთველს გისურვებ ჩემო საქართველო ამ 2025 წელს. მემარნეებს ნამდვილი, მართალი ღვინო დაეყენებინოთ და ამაში ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას. დაილოცოს საქართველოში შემობრძანებული რთველი 2025!